ჯორჯიან ეარვეისის მგზავრთა და ბარგის გადაზიდვის ზოგადი პირობები.
ჯორჯიან ეარვეისის მგზავრთა და ბარგის გადაყვანის საერთო პირობები
მუხლი 1. კონკრეტული ტერმინების მნიშვნელობა
მუხლი 2. გამოყენებადობა
2.1 ზოგადი დებულებები
2.2 ჩარტერული ოპერაციები
2.3 კოდ-შერინგი
2.4 უპირატესი კანონმდებლობა
2.5 პირობების უპირატესობა რეგულაციებთან მიმართებაში
მუხლი 3. ბილეთები
3.1 ზოგადი დებულებები
3.2 მოქმედების ვადა
3.3 კუპონების თანმიმდევრობა და გამოყენება
3.4 გადამზიდველის დასახელება და მისამართი
მუხლი 4. ტარიფები, გადასახადები, მოსაკრებლები და გადასახდელები
მუხლი 5. დაჯავშნა
5.1 დაჯავშნის მოთხოვნები
5.2 ბილეთების გაფორმების ვადები
5.3 პერსონალური მონაცემები
5.4 ადგილების განაწილება
5.5 დაჯავშნის ხელახალი დადასტურება
5.6 შემდგომი დაჯავშნის გაუქმება
მუხლი 6. რეგისტრაცია და ჩასხდომა
მუხლი 7. გადაყვანაზე უარი და გადაყვანის შეზღუდვა
7.1 გადაყვანაზე უარის თქმა
7.2 სპეციალური დახმარება
მუხლი 8. ბარგი
8.1 უფასო ბარგის ნორმა
8.2 ნორმით დაშვებულზე მეტი ბარგი
8.3 ნივთები, რომლებიც არ დაიშვება ბარგის სახით
8.4 გადაყვანაზე უარის თქმის უფლება
8.5 შემოწმების უფლება
8.6 რეგისტრირებული ბარგი
8.7 არარეგისტრირებული ბარგი
8.8 რეგისტრირებული ბარგის ჩაბარება
8.9 ცხოველები
მუხლი 9. განრიგი, დაგვიანება და ფრენების გაუქმება
9.1 განრიგი
9.2 გაუქმება, მარშრუტის შეცვლა, დაგვიანება და ა.შ.
მუხლი 10. თანხის დაბრუნება
10.1 ზოგადი
10.2 თანხის იძულებით დაბრუნება
10.3 თანხის ნებაყოფლობითი დაბრუნება
10.4 დაკარგული ქაღალდის ბილეთის თანხის დაბრუნება
10.5 თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის უფლება
10.6 ვალუტა
10.7 ვის მიერ ხდება ბილეთი დაბრუნება
მუხლი 11. ქცევა საჰაერო ხომალდის ბორტზე
11.1 ზოგადი
11.2 ელექტრონული მოწყობილობები
11.3 არამწეველთა ფრენები
11.4 უსაფრთხოების ღვედები
მუხლი 12. დამატებითი მომსახურების ორგანიზება
მუხლი 13. ადმინისტრაციული ფორმალობები
13.1 ზოგადი
13.2 სამგზავრო დოკუმენტები
13.3 შესვლაზე უარის თქმა
13.4 მგზავრის პასუხისმგებლობა ჯარიმებზე
13.5 საბაჟო შემოწმება
13.6 უსაფრთხოების შემოწმება
13.7 მგზავრთა მონაცემების გადაცემა
მუხლი 14. თანამიმდევრული გადამზიდავები
მუხლი 15. პასუხისმგებლობა ზიანისთვის
15.1 პრინციპები
15.2 გამოყენებული წესები
15.3 ზოგადი დებულებები
15.4 პასუხისმგებლობა პირადი დაზიანებისთვის
15.5 პასუხისმგებლობა ბარგის დაზიანებისთვის
მუხლი 16. პრეტენზიებისა და სარჩელების წარდგენის ვადები
16.1 პრეტენზიები ბარგთან დაკავშირებით
16.2 საჩივრები
16.3 სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობა
მუხლი 17. სხვა პირობები
მუხლი 18. ცვლილება და უარი
მუხლი 19. განმარტებები
მუხლი 20. იურისდიქცია
მუხლი 1. კონკრეტული ტერმინების მნიშვნელობა
წინამდებარე პირობებში ქვემოთ მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ჩვენ, ჩვენი, თავად ჩვენ და ჩვენს მიმართ (We, Our, Ourselves,
and Us) მოიაზრებს შპს ჯორჯიან ეარვეისს.
თქვენ, თქვენი და თავად თქვენ (You, Your, and Yourself) ნიშნავს
ნებისმიერ პირს, გარდა ეკიპაჟის წევრისა, რომელიც გადაიყვანება იქნა ან უნდა იქნას
გადაყვანილი საჰაერო ხომალდით ბილეთის საფუძველზე (იხილეთ ასევე „მგზავრის“ განმარტება).
შეთანხმებული გაჩერების ადგილები ნიშნავს იმ ადგილებს, გარდა გამგზავრებისა
და დანიშნულების ადგილებისა, რომლებიც მითითებულია ბილეთში ან მოცემულია ჯორჯიან ეარვეისის
განრიგში, როგორც დაგეგმილი გაჩერების ადგილები მგზავრის მარშრუტზე.
ავიაკომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი ნიშნავს ორნიშნა IATA კოდს
(A9) ან სამნიშნა ICAO კოდს (TGZ), რომელიც ახდენს შპს ჯორჯიან ეარვეისის იდენტიფიცირებას.
ავტორიზებული აგენტი ნიშნავს მგზავრთა გადაყვანის გაყიდვების აგენტს,
რომელიც დანიშნულია ჯორჯიან ეარვეისის მიერ ჩვენი ავიაკომპანიის წარმოსადგენად ჩვენს
რეისებზე მგზავრთა საჰაერო გადაყვანის გაყიდვისას და, უფლებამოსილების შემთხვევაში,
სხვა ავია-გადამზიდავების რეისებზე.
ბარგი ნიშნავს მგზავრის პირად საკუთრებას, რომელიც მას თან აქვს
მგზავრობისას. თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, ეს ტერმინი მოიცავს როგორც რეგისტრირებულ,
ისე არარეგისტრირებულ ბარგს.
ბარგის ქვითარი აღნიშნავს ბილეთის იმ ნაწილებს, რომლებიც ეხება
მგზავრის რეგისტრირებული ბარგის გადაზიდვას.
ბარგის საიდენტიფიკაციო იარლიყი ნიშნავს ჯორჯიან ეარვეისის მიერ
გაცემულ დოკუმენტს, რომელიც თან ერთვის მგზავრის რეგისტრირებულ ბარგს იდენტიფიკაციის
მიზნით.
ჩასასხდომი ტალონი/ბარათი ნიშნავს რეგისტრაციისას მგზავრზე გაცემულ
დოკუმენტს, რომელიც მგზავრს აძლევს თვითმფრინავში ჩასხდომის და მითითებული ადგილის
დაკავების უფლებას.
სალონის ან არარეგისტრირებული ბარგი ნიშნავს მგზავრის ნებისმიერ
ბარგს, გარდა რეგისტრირებული ბარგისა. სალონის ბარგი მგზავრს შეაქვს თვითმფრინავის
სალონში და რჩება მგზავრის პასუხისმგებლობის ქვეშ.
გადაზიდვა ნიშნავს მგზავრების და/ან ბარგის საჰაერო გადაზიდვას.
გადამზიდველი ნიშნავს ავია-გადამზიდველს, გარდა ჯორჯიან ეარვეისისა
(A9), რომლის ავიაკომპანიის განმსაზღვრელი კოდიც მითითებულია თქვენს ბილეთზე ან კომბინირებულ
ბილეთზე.
გადამზიდველის წესები ნიშნავს წესებს, გარდა წინამდებარე პირობებისა,
რომლებიც გამოქვეყნებულია ჯორჯიან ეარვეისის მიერ, მოქმედებს ბილეთის გაცემის თარიღისთვის
და არეგულირებს მგზავრთა გადაყვანას და/ან ბარგის გადაზიდვას, ნებისმიერი მოქმედი ტარიფების
ჩათვლით.
ჩარტერული რეისი არის რეისი, რომელიც არ წარმოადგენს ავიაკომპანიის
გამოქვეყნებული განრიგის ნაწილს. მას, ჩვეულებრივ, აორგანიზებს ჯგუფი, კომპანია ან
ტურ-ოპერატორი, რომელიც განსაზღვრავს რეისის გაფრენისა და ჩაფრენის დროს, გაფრენის
და დანიშნულების ადგილს. ჩარტერული რეისები შეიძლება იყოს ერთჯერადი, სეზონური ან განხორციელდეს
პერიოდულად, ავიაკომპანიასა და იმ ჯგუფს, კომპანიას ან ტურ-ოპერატორს შორის გაფორმებული
ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ახორციელებს რეისის ჩარტერს. თუ ტურ-ოპერატორი აორგანიზებს
რეისს და ყიდის ბილეთებს, მგზავრები, როგორც წესი, ბილეთებს ყიდულობენ ტურ-ოპერატორისგან
და არა ავიაკომპანიისგან.
რეგისტრირებული ბარგი ნიშნავს ბარგს, რომელსაც ჯორჯიან ეარვეისი
იღებს მეთვალყურეობის ქვეშ და რისთვისაც ჩვენ გავეცით ბარგის საიდენტიფიკაციო იარლიყი.
რეგისტრირებული ბარგის გადაზიდვა ხდება საჰაერო ხომალდის საბარგო განყოფილებაში.
რეგისტრაციის ბოლო ვადა ნიშნავს ჯორჯიან ეარვეისის მიერ განსაზღვრულ
დროის ლიმიტს, რომლისთვისაც თქვენ დასრულებული უნდა გქონდეთ რეგისტრაციის ფორმალობები
და, ასევე, მიღებული გქონდეთ ჩასასხდომი ტალონი.
ბავშვი ნიშნავს პირს, რომელსაც შეუსრულდა ორი წელი თითოეული სეგმენტისთვის
მგზავრობის დაწყებამდე, მაგრამ ჯერ - მგზავრობის დაწყების თარიღისთვის - არ შეუსრულებია
თორმეტი წელი.
კოდ-შერინგის რეისი ნიშნავს რეისს, რომელიც სრულდება ერთი გადამზიდველის
მიერ; ამისთვის ჩვენ გავცემთ ბილეთს, სადაც მითითებულია ჩვენი ავიაკომპანიის - როგორც
გადამზიდველის- საიდენტიფიკაციო კოდი, ჯორჯიან ეარვეისსა და ამ გადამზიდველს შორის
არსებული შეთანხმების შესაბამისად.
გადაყვანის პირობები ნიშნავს მგზავრისა და ბარგის გადაყვანის წინამდებარე
პირობებს.
ხელშეკრულების პირობები ნიშნავს იმ ვადებსა და პირობებს, რომელთა
საფუძველზეც დაიდო გადაყვანის ხელშეკრულება და რომლებიც მოცემულია ან მოწოდებულია თქვენს
ბილეთთან ან მარშრუტთან/ქვითართან ერთად, მათ შორის, მითითებებს შეტყობინებებზე და
გადაყვანის წინამდებარე საერთო პირობებზე.
დადასტურებული ჯავშანი ნიშნავს, რომ მგზავრს აქვს ბილეთი, რომელიც
შეიცავს:
• ქაღალდის/მატერიალური ბილეთის შემთხვევაში, რეისის ნომერს,
თარიღს და დროს, ასევე აღნიშვნას „OK“ შესაბამის გრაფაში; ან
• ელექტრონული ბილეთის ან არა-მატერიალური სატრანსპორტო დოკუმენტის
შემთხვევაში, მითითებას იმის შესახებ, რომ ჯავშანი შესრულებულია აღნიშვნით „HK/TK“
და დადასტურებულია შესაბამის გრაფაში.
კომბინირებული ბილეთი ნიშნავს ბილეთს, რომელიც გაცემულია თქვენზე
სხვა ბილეთთან ერთად, რაც ერთობლივად წარმოადგენს გადაყვანის ერთიან ხელშეკრულებას.
დამაკავშირებელი რეისი ნიშნავს მომდევნო რეისს, რომელიც უზრუნველყოფს
შემდგომ მგზავრობას იმავე ბილეთით ან კომბინირებული ბილეთით.
კონვენცია ნიშნავს ქვემოთ ჩამოთვლილი ინსტრუმენტებიდან რომელიმეს,
რომელიც გამოიყენება გადაზიდვის/გადაყვანის ხელშეკრულების მიმართ:
• კონვენცია საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვებთან დაკავშირებული
ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ, ხელმოწერილი ვარშავაში 1929 წლის 12 ოქტომბერს
(„ვარშავის კონვენცია“);
• ვარშავის კონვენცია, შესწორებული ჰააგაში 1955 წლის 28 სექტემბერს;
• ვარშავის კონვენციის დამატებითი კონვენცია, რომელიც ეხება იმ
საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვებთან დაკავშირებულ გარკვეულ წესებს, რაც ხორციელდება
კონტრაქტორი გადამზიდავის გარდა სხვა პირის მიერ, ხელმოწერილია გვადალახარაში 1961
წლის 18 სექტემბერს.
• ტოკიოს კონვენცია, მიღებული 1963 წელს, წარმოადგენს საერთაშორისო
საჰაერო უსაფრთხოების სამართლის ერთ-ერთ ქვაკუთხედს, რომელიც უზრუნველყოფს სამართლებრივ
ჩარჩოს საჰაერო ხომალდის ბორტზე ჩადენილი დანაშაულებისა და მასთან დაკავშირებული საკითხების
გადასაჭრელად.
• ვარშავის კონვენცია, შესწორებული მონრეალის No1 დამატებითი ოქმით
(1975);
• ვარშავის კონვენცია შესწორებული ჰააგაში და მონრეალის No2 დამატებითი
ოქმით (1975);
• ვარშავის კონვენცია შესწორებული ჰააგაში და მონრეალის No4 დამატებითი
ოქმით (1975);
ელექტრონული კუპონი ნიშნავს ელექტრონულ ფრენის კუპონს ელექტრონული
ბილეთისთვის, რომელიც ინახება ჯორჯიან ეარვეისის მონაცემთა ბაზაში.
ელექტრონული ბილეთი ნიშნავს მარშრუტს/ქვითარს, რომელიც გაცემულია
ჯორჯიან ეარვეისის მიერ ან ჯორჯიან ეარვეისის სახელით, ასევე, ელექტრონულ კუპონებს
და, საჭიროების შემთხვევაში, ჩასასხდომ დოკუმენტს.
საბოლოო დანიშნულების ადგილი ნიშნავს ბილეთზე მითითებულ დანიშნულების
ადგილს, რომელიც წარდგენილია რეგისტრაციისთვის ან, პირდაპირი გადაჯდომით ფრენების შემთხვევაში,
ბოლო ფრენის დანიშნულების ადგილს.
ფრენის კუპონი ნიშნავს ბილეთის იმ ნაწილს, რომელიც გაცემულია ჯორჯიან
ეარვეისის მიერ ან მისი სახელით და იდენტიფიცირებულია, როგორც „ძალაშია გადაყვანისთვის“
ან, ელექტრონული ბილეთის შემთხვევაში, იგი მოიაზრებს ელექტრონულ კუპონს და მიუთითებს
კონკრეტულ ადგილებს, რომელთა შორისაც მოქმედებს მგზავრის გადაყვანის უფლება.
ფრენის სეგმენტი ნიშნავს გადაყვანის ნაწილს ორ ადგილს შორის, რომელიც
ხორციელდება ჯორჯიან ეარვეისის ან სხვა გადამზიდავის მიერ.
ფორს მაჟორი ნიშნავს საგანგებო და გაუთვალისწინებელ გარემოებებს,
რომლებიც არ ექვემდებარება გადამზიდავის კონტროლს და რომელთა შედეგების თავიდან აცილება
შეუძლებელი იქნებოდა ყველა სათანადო ზომის მიღების მიუხედავად. ასეთი გარემოებებში
შედის (მაგრამ არ შემოიფარგლება): ამინდის არახელსაყრელი პირობები, გაუთვალისწინებელი
რისკები ფრენის უსაფრთხოების ან საავიაციო უშიშროებისთვის, გაფიცვები და საჰაერო მოძრაობის
კონტროლის შეზღუდვები.
ჩვილი ნიშნავს პირს, რომელსაც არ მიუღწევია თავისი მეორე დაბადების
დღისთვის თითოეული სეგმენტის ჭრილში მგზავრობის დაწყებამდე.
მარშრუტი/ქვითარი ნიშნავს დოკუმენტს ან დოკუმენტებს, რომლებიც გაცემულია
ჯორჯიან ეარვეისის ან ჩვენი ავტორიზებული აგენტების მიერ ელექტრონული ბილეთების მქონე
მგზავრებისთვის. იგი შეიძლება გაიცეს ქაღალდის სახით, ფაქსით, ელ-ფოსტით, ან მიწოდებულ
იქნას ელექტრონულად. ეს დოკუმენტი შეიცავს მგზავრის სახელს, ფრენის შესახებ ინფორმაციას
და შეტყობინებებს. სასურველია, რომ ქაღალდის/ელექტრონული დოკუმენტი შენარჩუნებულ იქნას
მგზავრის მიერ და თან იქონიოს მთელი მგზავრობის განმავლობაში.
ჩვეულებრივი ტარიფი ნიშნავს ტარიფს, რომელიც დადგენილია გადაყვანისთვის
მოცემულ კლასში (ბიზნეს ან ეკონომ კლასში), და ნებისმიერ სხვა ტარიფს, რომელიც გამოქვეყნებულია,
როგორც ჩვეულებრივი ტარიფი.
ხელშეკრულების პირობების შესახებ შეტყობინება - მითითების საფუძველზე
- ნიშნავს იმ განცხადებებს, რომლებიც მოცემულია ან მოწოდებულია თქვენს ბილეთთან ან
მარშრუტთან/ქვითართან ერთად, იდენტიფიცირებულია ამგვარი სახით, და რომლებიც მოიცავს
გადაყვანის წინამდებარე პირობებსა და შეტყობინებებს.
მგზავრი ნიშნავს ნებისმიერ პირს, გარდა ეკიპაჟის წევრებისა, რომელიც
გადაჰყავთ ან უნდა გადაიყვანონ საჰაერო ხომალდით გადამყვანის თანხმობით.
მგზავრის კუპონი ნიშნავს მგზავრის ბილეთისა და ბარგის ქვითრის იმ
ნაწილს, რომელიც წარმოადგენს მგზავრის გადაყვანის ხელშეკრულების წერილობით მტკიცებულებას.
მგზავრის ბილეთი ნიშნავს გადამყვანის მიერ გაცემული ბილეთის იმ
ნაწილებს, რომლებიც განკუთვნილია მგზავრის გადასაყვანად.
გამგზავრების ადგილი ნიშნავს აეროპორტს, საიდანაც თავდაპირველად
იწყება მოგზაურობა, როგორც ეს მითითებულია ბილეთში.
დანიშნულების ადგილი ნიშნავს აეროპორტს, სადაც მგზავრი ჩაფრინდება
თავის საბოლოო გაჩერების ადგილზე, როგორც ეს მითითებულია ბილეთში.
მარშრუტის შეცვლა ნიშნავს მარშრუტის ცვლილებას, მათ შორის, გამგზავრების
ადგილის, დანიშნულების ადგილის, შუალედური გაჩერების ან გადაჯდომის პუნქტების, ტარიფის,
გადამყვან(ებ)ის, მომსახურების კლასის, რეისის ან თარიღის შეცვლას იმასთან შედარებით,
რაც თავდაპირველად იყო გათვალისწინებული ბილეთში. აღნიშნული არ ეხება ღია ბილეთებს.
SDR ნიშნავს სესესხო სპეციალურ უფლებას (საანგარიშო ერთეული), როგორც
ეს განსაზღვრულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ.
სპეციალური ტარიფი ნიშნავს ნებისმიერ ტარიფს, გარდა ჩვეულებრივი
ტარიფისა.
გაჩერება ნიშნავს მგზავრის მიერ მოგზაურობის დაგეგმილ შეწყვეტას
გამგზავრების ადგილსა და დანიშნულების ადგილს შორის არსებულ პუნქტში.
ტარიფი ნიშნავს გამოქვეყნებულ ტარიფებს, გადასახადებს და/ან ავიაკომპანიის
გადაყვანის შესაბამის პირობებს, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, წარდგენილია შესაბამის
ორგანოებში.
ბილეთის მოქმედების ვადა ნიშნავს პერიოდს, რომლის განმავლობაშიც
სამგზავრო ბილეთი ძალაშია მგზავრობის მიზნებისთვის.
ბილეთი ნიშნავს დოკუმენტს სახელწოდებით „სამგზავრო ბილეთი და ბარგის
ქვითარი“ ან ელექტრონულ ბილეთს, რომელიც (თითოეულ შემთხვევაში) გაცემულია ჩვენს მიერ
ან ჩვენი ავტორიზებული აგენტების მიერ ჩვენი სახელით მგზავრის მიმართ. ბილეთი მოიცავს
ხელშეკრულების პირობებს, კუპონებს და შეტყობინებებს.
დაურეგისტრირებელი (სალონის) ბარგი ნიშნავს თქვენს ნებისმიერ ბარგს,
გარდა რეგისტრირებული ბარგისა.
მუხლი 2. გამოყენებადობა
2.1 ზოგადი
გარდა 2.2, 2.4 და 2.5 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა,
გადაყვანის ეს პირობები ვრცელდება მხოლოდ იმ ფრენებზე ან ფრენის სეგმენტებზე, სადაც
ჩვენი სახელი (ჯორჯიან ეარვეისი) ან ავიაკომპანიის ამომცნობი კოდი (A9) მითითებულია
მოცემული ფრენის ან ფრენის სეგმენტის ბილეთის გადამზიდველის გრაფაში.
2.2 ჩარტერული ოპერაციები
თუ გადაყვანა ხორციელდება ჩარტერული ხელშეკრულების შესაბამისად,
გადაყვანის ეს პირობები გამოიყენება მხოლოდ იმ ზომით, რამდენადაც ისინი გათვალისწინებულია
მითითებით, ან სხვაგვარად, როგორც ეს გათვალისწინებულია ჩარტერულ ხელშეკრულებაში ან
ბილეთში.
2.3 კოდ-შერინგი
ზოგიერთ მომსახურებაზე ჩვენ გვაქვს შეთანხმებები სხვა გადამზიდველებთან,
რომლებიც ცნობილია, როგორც „კოდ-შერინგი“. ეს ნიშნავს, რომ მაშინაც კი, თუ თქვენ გაქვთ
ჯავშანი ჩვენთან და ბილეთი, რომელზეც ჩვენი სახელი (ჯორჯიან ეარვეისი) ან ავიაკომპანიის
ამომცნობი კოდი (A9) მითითებულია, როგორც გადამზიდველი, ფრენა შეიძლება განახორციელოს
სხვა გადამზიდველმა საჰაერო ხომალდით. თუ ასეთი შეთანხმებები მოქმედებს, თქვენი დაჯავშნის
დროს ჩვენ გაცნობებთ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი გადამზიდველის შესახებ.
2.4 უპირატესი კანონი
თუ გადაყვანის წინამდებარე პირობების რომელიმე დებულება ხდება ბათილი
ნებისმიერი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დანარჩენი დებულებები დარჩება ძალაში.
2.5 პირობების უპირატესობა რეგულაციებთან მიმართებაში
გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაყვანის წინამდებარე პირობებით
სხვა რამ არის გათვალისწინებული, გადაყვანის ამ პირობებსა და ნებისმიერ სხვა რეგულაციებს
შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, რომლებიც შეიძლება გვქონდეს კონკრეტულ საკითხებთან
დაკავშირებით, უპირატესობა ენიჭება გადაყვანის წინამდებარე პირობებს.
მუხლი 3. ბილეთები
3.1 ზოგადი დებულებები
3.1.1. გადაყვანა განხორციელდება მხოლოდ ბილეთში მითითებული მგზავრისთვის,
დადასტურებული ჯავშნის არსებობის შემთხვევაში. თუ მგზავრი ვერ შეძლებს საკუთარი ვინაობის
დადასტურებას, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ გადაყვანაზე.
3.1.2 მგზავრის პასუხისმგებლობაა მიიღოს ყველა გონივრული ზომა იმის
უზრუნველსაყოფად, რათა ქაღალდის/მატერიალური ბილეთი არ დაიკარგოს ან არ მოიპარონ. ბილეთი
არ ექვემდებარება სხვა პირისთვის გადაცემას.
3.1.3 ზოგიერთი ბილეთი იყიდება ფასდაკლებული ტარიფით, რომელიც შეიძლება
იყოს ნაწილობრივ ან მთლიანად არა-ანაზღაურებადი. თქვენ თავად უნდა აირჩიოთ თქვენს საჭიროებებზე
საუკეთესოდ მორგებული ტარიფი. თქვენ ასევე შეგიძლიათ მიიღოთ შესაბამისი დაზღვევის შეძენა
იმ გარემოებების დასაფარად, რომელთა გამოც შეიძლება მოგიწიოთ ბილეთის გაუქმება.
3.1.4 თუ თქვენ ფლობთ ზემოთ 3.1.3-ე მუხლში აღწერილ ბილეთს, რომელიც
სრულიად გამოუყენებელია და თქვენ გეზღუდებათ მგზავრობა ფორს მაჟორული გარემოების გამო,
ბილეთი შენარჩუნდება და ძალაში დარჩება გაცემის თავდაპირველი თარიღიდან ერთი (1) წლის
განმავლობაში, იმ პირობით, რომ თქვენ დაუყოვნებლივ გვაცნობებთ და წარმოადგენთ ამგვარი
ფორს მაჟორული გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებას. ამ პერიოდის განმავლობაში,
ბილეთი შეიძლება ხელახლა დაიჯავშნოს ცვლილების შესაბამისი ჯარიმისა და ტარიფებს შორის
სხვაობის გადახდის პირობით.
3.1.5 ბილეთი არის და ნებისმიერ დროს დარჩება გამცემი გადამზიდველის
საკუთრებაში.
3.1.6 ელექტრონული ბილეთების გარდა, მგზავრების ტრანსპორტირება
შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ შეუძლიათ წარმოადგინონ მოქმედი ბილეთი,
რომელიც შეიცავს შესაბამისი რეისის შესაბამის კუპონს და ყველა სხვა გამოუყენებელ კუპონს,
ასევე მგზავრის კუპონს.
გარდა ამისა, ბილეთი, რომელიც დაზიანებულია ან შეცვლილია სხვა პირის
მიერ, გარდა გადამზიდველის ან მისი ერთ-ერთი უფლებამოსილი აგენტისა, არ იქნება მოქმედი
გადაყვანისთვის.
ელექტრონული ბილეთების შემთხვევაში, მგზავრებმა უნდა წარადგინონ
პირადობის დამადასტურებელი საბუთი; ისინი გადაყვანილნი იქნებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში,
თუ მოქმედი ელექტრონული ბილეთი გაცემულია მათ სახელზე.
3.1.7 იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს არც ქაღალდის/მატერიალური
და არც ელექტრონული ბილეთის მტკიცებულება, ახალი ბილეთის გამცემმა გადამზიდველმა შეიძლება
მოგთხოვოთ შემცვლელი ბილეთის სრული საფასურის გადახდა, თანხის დაბრუნების პირობით,
თუ და როდესაც თავდაპირველი გამცემი გადამზიდველი დარწმუნდება, რომ დაკარგული ან დაზიანებული
ბილეთი არ იყო გამოყენებული მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე. თუ მოქმედების ვადის
ამოწურვამდე იპოვით თავდაპირველ ბილეთს და ჩააბარებთ მას ახალი ბილეთის გამცემ გადამზიდველს,
ზემოაღნიშნული თანხის დაბრუნება განხორციელდება იმავე დროს.
3.2 მოქმედების ვადა
3.2.1 გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბილეთით, წინამდებარე პირობებით
ან მოქმედი ტარიფებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ბილეთი არის ძალაშია:
(ა) გაცემის თარიღიდან ერთი წლის განმავლობაში; ან
(ბ) იმ პირობით, რომ პირველი მგზავრობა განხორციელდება გაცემის
თარიღიდან ერთი წლის განმავლობაში და/ან ბილეთით გათვალისწინებული პირველი მგზავრობის
თარიღიდან ერთი წლის განმავლობაში.
3.2.2 თუ მოქმედი ბილეთის მქონე მგზავრი ვერ ახერხებს მგზავრობას
მისი ბილეთის მოქმედების ვადის განმავლობაში მხოლოდ იმის გამო, რომ როდესაც მგზავრი
ითხოვს ჯავშანს ფრენაზე, გადამყვანს არ შეუძლია დაადასტუროს მგზავრის მიერ მოთხოვნილი
ჯავშანი:
- ან ბილეთის მოქმედების ვადა გაგრძელდება პირველ ხელმისაწვდომ
ფრენამდე;
- ან ტარიფი, შესაბამისი გადასახადების ჩათვლით, ანაზღაურდება ქვემოთ
- 10-ე მუხლში (ანაზღაურება) - მითითებული პირობების შესაბამისად;
- ან მგზავრი დათანხმდება ტარიფის შესაბამის კორექტირებას.
3.2.3 თუ მგზავრობის დაწყების შემდეგ, ავადმყოფობის გამო ვერ შეძლებთ
მგზავრობას თქვენი ბილეთის მოქმედების ვადის ფარგლებში, ჩვენ აამ გარემოებას გავითვალისწინებთ
და შესაძლოა გავაგრძელოთ თქვენი ბილეთის მოქმედების ვადა. ვადის გაგრძელება შესაძლოა
მოხდეს მანამ, სანამ არ გახდებით მგზავრობისთვის ვარგისი ან მომდევნო პირველ ხელმისაწვდომ
რეისამდე, მომსახურების იმავე კლასში თავისუფალი ადგილების არსებობის გათვალისწინებით.
3.2.4 პირის მგზავრობის დროს გარდაცვალების შემთხვევაში, მგზავრის
თანმხლები პირების ბილეთები შეიძლება შეიცვალოს მინიმალური ყოფნის მოთხოვნის გაუქმებით
ან მოქმედების ვადის გაგრძელებით. მგზავრობის დაწყებისას მგზავრის ოჯახის წევრის გარდაცვალების
შემთხვევაში, ასევე შეიძლება შეიცვალოს მგზავრის ბილეთის და მგზავრთან ერთად მისი ოჯახის
წევრების ბილეთების მოქმედების ვადა. ნებისმიერი ასეთი ცვლილება უნდა მოხდეს გარდაცვალების
მოწმობის მიღებისთანავე, ხოლო მოქმედების ვადის გაგრძელება არ უნდა აღემატებოდეს გარდაცვალების
დღიდან სამოც (60) დღეს.
3.3 კუპონების თანმიმდევრობა და გამოყენება
3.3.1 თქვენ მიერ შეძენილი ბილეთი ძალაშია მხოლოდ ბილეთზე მითითებული
გადაყვანისთვის, გამგზავრების ადგილიდან ნებისმიერი შეთანხმებული გაჩერების ადგილების
გავლით საბოლოო დანიშნულების ადგილამდე. თქვენ მიერ გადახდილი ტარიფი ეფუძნება ჩვენს
ტარიფებს და ძალაშია მხოლოდ ბილეთზე მითითებული გადაყვანისთვის. იგი წარმოადგენს თქვენთან
გაფორმებული ჩვენი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ბილეთი არ იქნება მიღებული და დაკარგავს
ძალას, თუ ყველა კუპონი არ იქნება გამოყენებული ბილეთში მოცემული თანმიმდევრობით.
3.3.2 თუ გსურთ შეცვალოთ თქვენი ტრანსპორტირების რაიმე ასპექტი,
წინასწარ უნდა დაგვიკავშირდეთ. თქვენი ახალი გადაყვანის ტარიფი გადაითვლება და მოგეცემათ
არჩევანის საშუალება - დაეთანხმოთ ახალ ფასს ან დაიტოვოთ თქვენი თავდაპირველი გადაყვანის
სახე ბილეთის შესაბამისად. თუ მოგიწევთ გადაყვანის რაიმე ასპექტის შეცვლა ფორს მაჟორული
გარემოების გამო, უნდა დაგვიკავშირდეთ შესაძლო უმოკლეს ვადაში, ხოლო ჩვენ მივმართავთ
ყოველ გონივრულ ძალისხმევას, რათა მოვახდინოთ თქვენი გადაყვანა მომდევნო გაჩერებამდე
ან საბოლოო დანიშნულების ადგილამდე ტარიფის გადაანგარიშების გარეშე.
3.3.3 გთხოვთ, გაითვალისწინოთ: მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა
ცვლილებამ შეიძლება არ გამოიწვიოს ტარიფის კორექტირება, სხვა ფაქტორის ცვლილებებმა,
როგორიცაა გამგზავრების ადგილის შეცვლა (მაგალითად, თუ არ იფრენთ პირველი სეგმენტით)
ან მგზავრობის მიმართულების შეცვლა, შეიძლება გამოიწვიოს ფასის გაზრდა. ბევრი ტარიფი
მოქმედებს მხოლოდ ბილეთზე მითითებულ თარიღებსა და ფრენებზე და შეიძლება საერთოდ არ
შეიცვალოს, ან შეიცვალოს მხოლოდ დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში.
3.3.4 თქვენს ბილეთში შემავალი თითოეული ფრენის კუპონი მიღებულ
იქნება გადაყვანისთვის იმ კლასის მომსახურებისთვის იმ თარიღსა და რეისზე, რომელზეც
დაჯავშნილია ადგილი. როდესაც ბილეთი თავდაპირველად გაიცემა დაჯავშნის მითითების გარეშე,
ადგილი შეიძლება მოგვიანებით დაიჯავშნოს ჩვენი ტარიფისა და მოთხოვნილ რეისზე ადგილების
ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით.
3.4 გადამზიდველის დასახელება და მისამართი
ჩვენი სახელწოდების შემოკლებული სახით გამოყენება შესაძლებელია
ბილეთში ჩვენი ავიაკომპანიის აღმნიშვნელი კოდის სახით ან სხვაგვარად. ჩვენს მისამართად
განიხილება გამგზავრების აეროპორტი, რომელიც მითითებულია ბილეთის გრაფაში „გადამყვანი“
ჩვენი დასახელების პირველი აბრევიატურის გასწვრივ, ხოლო ელექტრონული ბილეთის შემთხვევაში
- როგორც ეს მითითებულია ჩვენი პირველი სეგმენტისთვის მარშრუტში/ქვითარში.
მუხლი 4. ტარიფები, გადასახადები, მოსაკრებლები და ხარჯები
4.1 ტარიფები გამოიყენება მხოლოდ გადაყვანისთვის გამგზავრების პუნქტის
აეროპორტიდან დანიშნულების პუნქტის აეროპორტამდე, თუკი სხვა რამ არ არის პირდაპირ მითითებული.
ტარიფები არ მოიცავს სახმელეთო ტრანსპორტირებას აეროპორტებს შორის ან აეროპორტებსა
და საქალაქო ტერმინალებს შორის. თქვენი ტარიფი გამოითვლება გადახდის თარიღისთვის მოქმედი
ჩვენი ტარიფის შესაბამისად, ბილეთში მითითებულ კონკრეტულ თარიღებსა და მარშრუტზე მგზავრობისთვის.
თუ თქვენ შეცვლით თქვენს მარშრუტს ან მგზავრობის თარიღებს, ამგვარმა ცვლილებამ შეიძლება
გავლენა მოახდინოს გადასახდელ ტარიფზე.
4.2 მოქმედი გადასახადები, მოსაკრებლები და გადასახდელები, რომლებიც
დაწესებულია სამთავრობო ორგანოს, სხვა ორგანოს ან აეროპორტის ოპერატორის
მიერ, გადაიხდება თქვენს მიერ. ბილეთის შეძენისას თქვენ გეცნობებათ
იმ გადასახადების, მოსაკრებლებისა და გადასახდელების შესახებ, რომლებიც არ შედის ტარიფში
და რომელთა უმეტესობა, როგორც წესი, ცალკე იქნება მითითებული ბილეთზე.
4.3 ტარიფები, გადასახადები, მოსაკრებლები და გადასახდელები გადაიხდება
იმ ქვეყნის ვალუტაში, სადაც გაიცემა ბილეთი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩვენს ან
ჩვენი უფლებამოსილი აგენტის მიერ მითითებულია სხვა ვალუტა გადახდის განხორციელების
დროს ან მანამდე (მაგალითად, ადგილობრივი ვალუტის არა-კონვერტირებადობის გამო), ჩვენ
შეგვიძლია, ჩვენი შეხედულებით, მივიღოთ გადახდა სხვა ვალუტაში.
მუხლი 5. დაჯავშნა
5.1 დაჯავშნის მოთხოვნები
5.1.1 ჩვენ ან ჩვენი უფლებამოსილი აგენტი დავარეგისტრირებთ თქვენს
დაჯავშნას (დაჯავშნებს). მოთხოვნის შემთხვევაში, ჩვენ მოგაწვდით თქვენი დაჯავშნის
(დაჯავშნების) წერილობით დასტურს.
5.1.2 გარკვეული ტარიფები ექვემდებარება პირობებს, რომლებიც ზღუდავს
ან გამორიცხავს თქვენს უფლებას შეცვალოთ ან გააუქმოთ ჯავშნები.
5.2 ბილეთების გაცემის ვადები
თუ თქვენ არ გადაიხდით ბილეთის საფასურს დადგენილ ვადამდე, როგორც
ეს ჩვენს ან ჩვენი უფლებამოსილი აგენტის მიერ არის მითითებული, ჩვენ შეგვიძლია გავაუქმოთ
თქვენი ჯავშანი.
5.3 პერსონალური მონაცემები
თქვენ ადასტურებთ, რომ პერსონალური მონაცემები მოწოდებულია ჩვენთვის
ჯავშნის განთავსების, ბილეთის შეძენის, დამატებითი მომსახურების მიღების, მომსახურების
შემუშავებისა და მიწოდების, საიმიგრაციო და შესვლის პროცედურების ხელშეწყობის და თქვენს
მოგზაურობასთან დაკავშირებით ამ მონაცემების სამთავრობო უწყებებისთვის ხელმისაწვდომობის
მიზნით. ამ მიზნებისთვის, თქვენ გვაძლევთ უფლებას შევინახოთ და გამოვიყენოთ ეს მონაცემები
და გადავცეთ ისინი ჩვენს ოფისებს, ბილეთის გამცემი ტურისტულ სააგენტოს, სამთავრობო
უწყებებს, სხვა გადამზიდველებს ან ზემოთ აღნიშნული მომსახურების მიმწოდებლებს.
5.4 დასაჯდომი ადგილები
ჩვენ ვეცდებით დავაკმაყოფილოთ ადგილების წინასწარი დაჯავშნის მოთხოვნები,
თუმცა, ვერ ვიძლევით გარანტიას რომელიმე კონკრეტულ ადგილზე. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას
ნებისმიერ დროს განვსაზღვროთ ან შევცვალოთ ადგილები, მათ შორის,
ჩასხდომის შემდეგაც - საოპერაციო, უსაფრთხოების ან დაცვის მიზნებიდან
გამომდინარე.
5.5 დაჯავშნის ხელახალი დადასტურება
5.5.1 ჩვენ არ ვითხოვთ ხელახალ დადასტურებას ჯორჯიან ეარვეისის
ფრენებზე. თუ სხვა გადამყვანები სთხოვენ მგზავრს შემდგომი ან დაბრუნების ჯავშნების
ხელახალ დადასტურებას, აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობამ შესაძლოა მისცეს უფლება
ამ გადამყვანებს გააუქმონ შემდგომი ან დაბრუნების ჯავშანი.
5.5.2 თქვენ უნდა შეამოწმოთ თქვენს მოგზაურობაში მონაწილე ნებისმიერი
სხვა გადამყვანის ხელახალი დადასტურების მოთხოვნები. ხელახალი დადასტურების საჭიროების
შემთხვევაში, თქვენ ვალდებული ხართ დაადასტუროთ ის გადამზიდავი, რომლის ავიაკომპანიის
აღმნიშვნელი კოდიც მითითებულია ბილეთზე შესაბამისი რეისისთვის.
5.6 შემდგომი ჯავშნების გაუქმება
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ ვერ გამოცხადდებით რომელიმე
რეისზე წინასწარი შეტყობინების გარეშე, ჩვენ შეიძლება გავაუქმოთ თქვენი დაბრუნების
ან შემდგომი ჯავშანი.
5.6.1 მომსახურების საფასური შეიძლება გადაიხადოს მგზავრმა, რომელიც:
5.6.1.1 ვერ გამოცხადდება გადამზიდველის რეგისტრაციის ადგილზე აეროპორტში
ან გამგზავრების სხვა პუნქტში გადამზიდველის მიერ დადგენილ დროს, ან, თუ დრო არ არის
დადგენილი, გამგზავრებამდე გონივრული დროით ადრე, რათა მოხდეს სამთავრობო ფორმალობების
და გამგზავრების პროცედურების დასრულება, და შესაბამისად არ იყენებს ადგილს, რომელზეც
გაკეთდა ჯავშანი; ან
5.6.1.2 წარადგენს არასათანადო დოკუმენტაციას და, შესაბამისად,
არ არის მზად მგზავრობისთვის, რის შედეგადაც არ იყენებს ადგილს, რომელზეც გაკეთდა ჯავშანი;
ან
5.6.1.3 აუქმებს თავის ჯავშანს გადამზიდველის მიერ დადგენილ ვადაზე
გვიან. მომსახურების საფასური არ გადაიხდება, თუ ფრენის დაგვიანების ან გაუქმების,
დაგეგმილი გაჩერების გამოტოვების ან ადგილის ვერ-უზრუნველყოფის ნიადაგზე, მგზავრი აუქმებს
თავის ჯავშანს ან ვერ ახერხებს გამგზავრებისთვის დროულად გამოცხადებას ზემოაღნიშნული
ერთ-ერთი მიზეზის გამო.
მუხლი 6. რეგისტრაცია და ჩასხდომა
6.1 რეგისტრაციის ბოლო ვადები განსხვავდება აეროპორტის მიხედვით;
ჩვენი რეკომენდაციაა, თავად გაეცნოთ მოქმედ ვადებს და დაიცვათ ეს ვადები. თქვენი მგზავრობა
უფრო მშვიდი იქნება, თუ საკმარის დროს დაიტოვებთ რეგისტრაციის ბოლო ვადების დასაცავად.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გავაუქმოთ თქვენი ჯავშანი, თუ ვერ დაიცავთ რეგისტრაციის მოქმედ
ბოლო ვადას. ჩვენ ან ტურისტული სააგენტო,
რომელმაც გასცა ბილეთი, შეგატყობინებთ ჩვენთან თქვენი პირველი რეისის
რეგისტრაციის ბოლო ვადის შესახებ. ჯორჯიან ეარვეისის რეისებზე რეგისტრაციის ბოლო ვადების
შესახებ ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია ტურისტული სააგენტოდან, რომელმაც გასცა
ბილეთი.
6.2 თქვენ უნდა გამოცხადდეთ ჩასხდომის გასასვლელთან არაუგვიანეს
იმ დროისა, რომელიც ჩვენს მიერ იქნა მითითებული რეგისტრაციისას.
6.3 ჩვენ შეგვიძლია გავაუქმოთ თქვენთვის დაჯავშნილი ადგილი, თუ
დროულად არ გამოცხადდებით ჩასხდომის გასასვლელთან.
6.4 ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელი რაიმე ზარალზე ან ხარჯზე,
რომელიც გამოწვეულია ერთპიროვნულად თქვენს მიერ ამ მუხლის დებულებების შეუსრულებლობის
შედეგად.
მუხლი 7. გადაყვანაზე უარის თქმა და შეზღუდვა
7.1 ჩვენ შეიძლება უარი განვაცხადოთ თქვენს გადაყვანაზე თქვენი
მგზავრობისას ან შემდგომი მგზავრობისას, თუ წერილობით გაცნობებთ, რომ ასეთი შეტყობინების
თარიღის შემდეგ აღარ გადაგიყვანთ ჩვენი რეისებით. ჩვენ ასევე უფლებამოსილნი ვართ უარი
ვთქვათ გადაყვანაზე, თუ:
7.1.1 ასეთი ქმედება აუცილებელია ნებისმიერი მოქმედი კანონის, რეგულაციის
ან იმ სახელმწიფოს ბრძანების დარღვევის თავიდან ასაცილებლად, საიდანაც, სადაც ან რომლის
თავზეც ხორციელდება ფრენა; ან
7.1.2 თქვენმა გადაყვანამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას უსაფრთხოებას
ან გამოიწვიოს ჯანმრთელობის რისკები ან დისკომფორტი სხვა მგზავრებისთვის; ან
7.1.3 თქვენი ქცევა, ასაკი, ფსიქიკური ან ფიზიკური მდგომარეობა,
მათ შორის, ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ზემოქმედება, საფრთხეს ან რისკს წარმოადგენს
თქვენთვის, სხვა მგზავრებისთვის, ეკიპაჟის წევრებისთვის ან ქონებისთვის; ან
7.1.4 თქვენ ჩადენილი გაქვთ არამართლზომიერი ქცევა წინამორბედი
ფრენისას და ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ასეთი ქცევა შეიძლება განმეორდეს;
ან
7.1.5 თქვენ უარი თქვით უსაფრთხოების შემოწმების გავლაზე; ან
7.1.6 თქვენ არ გადაგიხდიათ შესაბამისი ტარიფი, გადასახადები, მოსაკრებლები
ან ხარჯები; ან
7.1.7 თქვენ არ გაგაჩნიათ მოქმედი სამგზავრო დოკუმენტები, შესაძლოა
შეეცადოთ შეხვიდეთ ქვეყანაში, რომლის გავლითაც ტრანზიტით მგზავრობთ ან რომლისთვისაც
არ გაგაჩნიათ მოქმედი სამგზავრო დოკუმენტები, გაანადგუროთ თქვენი სამგზავრო დოკუმენტები
ფრენის დროს, ან უარი თქვათ მათ გადაცემაზე ეკიპაჟისთვის მოთხოვნის შემთხვევაში ქვითრის
სანაცვლოდ; ან
7.1.8 თქვენ წარადგენთ ბილეთს, რომელიც შეძენილია უკანონოდ, გამოცხადებულია
დაკარგულად ან მოპარულად, არის ყალბი, ან გაფორმებულია ისეთი პირის სახელზე, რომლის
თქვენი საკუთრებაში დამტკიცებაც არ შეგიძლიათ; ან
7.1.9 თქვენ ვერ შეასრულეთ 3.3-ე მუხლის მოთხოვნები კუპონების თანმიმდევრობასა
და გამოყენებასთან დაკავშირებით, ან წარადგენთ ბილეთს, რომელიც გაცემულია ან შეცვლილია
სხვა პირის და არა ჩვენი ან ავტორიზებული ტურისტული სააგენტოს მიერ; ან
7.1.10 თქვენ არ იცავთ ჩვენს უსაფრთხოების ან დაცვის ინსტრუქციებს;
ან
7.1.11 თქვენ არ იცავთ მოწევის აკრძალვის წესს ჩვენი საჰაერო ხომალდის
ბორტზე ან იყენებთ ელექტრონულ მოწყობილობებს ბორტზე იქ, სადაც ასეთი გამოყენება აკრძალულია.
7.2 სპეციალური დახმარება
7.2.1 თანმხლები პირის გარეშე მყოფი ბავშვების, ქმედუუნარო პირების,
ორსული ქალების, ავადმყოფი პირების ან სხვა იმ პირების გადაყვანა, რომლებიც განსაკუთრებულ
დახმარებას საჭიროებენ, ჩვენთან წინასწარი შეთანხმებით ხდება. შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე მგზავრებს, რომლებმაც ბილეთის შეძენისას გვაცნობეს სპეციალური დახმარების საჭიროების
შესახებ და რომელთა გადაყვანაზეც განვაცხადეთ თანხმობა, შემდგომში არ უნდა ეთქვათ უარი
გადაყვანაზე აღნიშნული შეზღუდული შესაძლებლობის ან სპეციალური მოთხოვნების საფუძველზე.
7.2.2 ბავშვების გადაყვანა
16 წლამდე ასაკის ბავშვებს შეუძლიათ მგზავრობა მხოლოდ
იმ შემთხვევაში, თუ მათ თან ახლავს არანაკლებ 18 წლის ზრდასრული პირი ან არანაკლებ
16 წლის და-ძმა. 8-დან 16 წლამდე ასაკის თანმხლები პირის გარეშე არასრულწლოვნების გადაყვანა
ექვემდებარება გადამზიდავთან წინასწარ შეთანხმებას და შესაბამისი საფასურის გადახდას.
თანმხლები პირის გარეშე არასრულწლოვნების გადაყვანის მარეგულირებელი წესები ხელმისაწვდომია
გადამზიდველის გაყიდვების ოფისებში.
მუხლი 8. ბარგი
8.1 უფასო ბარგის ნორმა
თქვენ შეგიძლიათ გადაიტანოთ ბარგის გარკვეული რაოდენობა უფასოდ,
ჩვენი პირობებისა და შეზღუდვების შესაბამისად, რომლებიც ხელმისაწვდომია ჩვენთან ან
ჩვენს უფლებამოსილ აგენტებთან მოთხოვნის საფუძველზე და რომლებიც ასევე შეიძლება მითითებული
იყოს სამგზავრო კუპონში ან თქვენს ბილეთზე დაბეჭდილ ხელშეკრულების პირობებში.
8.2 ნორმით დაშვებულზე მეტი ბარგი
თქვენ მოგიწევთ საფასურის გადახდა უფასო ბარგის ნორმაზე მეტი ბარგის
გადასაზიდად. მოქმედი ტარიფები ხელმისაწვდომია ჩვენთან მოთხოვნის საფუძველზე.
8.3 ნივთები, რომლებიც არ დაიშვება ბარგის სახით
8.3.1 თქვენ არ უნდა მოათავსოთ თქვენს ბარგში:
8.3.1.1 ნივთები, რომლებიც სავარაუდოდ საფრთხეს შეუქმნის საჰაერო
ხომალდს, პირებს ან ქონებას საჰაერო ხომალდის ბორტზე, მათ შორის, ისეთი ნივთები, რომლებიც
მითითებულია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ტექნიკურ ინსტრუქციებში
სახიფათო ტვირთების საჰაერო ტრანსპორტირების უსაფრთხოების შესახებ, საჰაერო ტრანსპორტის
საერთაშორისო ასოციაციის (IATA) სახიფათო ტვირთების რეგულაციებში და ჩვენს საკუთარ
რეგულაციებში, რომელთა შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ჩვენთან მოთხოვნის
საფუძველზე;
8.3.1.2 ნივთები, რომელთა გადაზიდვაც აკრძალულია იმ სახელმწიფოს
კანონებით, რეგულაციებით ან ბრძანებებით, საიდანაც, სადაც ან რომლის თავზეც ხორციელდება
ფრენა;
8.3.1.3 ნივთები, რომლებიც ჩვენს მიერ გონივრულად მიჩნეულია გადაზიდვისთვის
შეუფერებლად, რადგან ისინი სახიფათოა, არასაიმედოა, ან მათი წონის, ზომის, ფორმის ან
ხასიათის გამო, ან რადგან ისინი მსხვრევადი ან მალფუჭებადია, სხვა ფაქტორებთან ერთად
- გამოყენებული საჰაერო ხომალდის ტიპის გათვალისწინებით. ინფორმაცია აკრძალული ნივთების
შესახებ ხელმისაწვდომია მოთხოვნის საფუძველზე.
8.3.2 ბარგის სახით გადასაზიდად აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღი
და საბრძოლო მასალა, გარდა სანადირო და სპორტული მიზნებისთვის განკუთვნილისა. ცეცხლსასროლი
იარაღი და საბრძოლო მასალა სანადირო და სპორტული მიზნებისთვის შეიძლება მიღებულ იქნას,
როგორც რეგისტრირებული ბარგი. ცეცხლსასროლი იარაღი უნდა იყოს დაცლილი, მცველი უნდა
იყოს ჩამკეტზე და იყოს სათანადოდ შეფუთული. საბრძოლო მასალის გადაზიდვა ექვემდებარება
ICAO და IATA რეგულაციებს, როგორც ეს მითითებულია 8.3.1.1-ე მუხლში.
8.3.3 იარაღი, როგორიცაა ანტიკვარული ცეცხლსასროლი იარაღი, ხმლები,
დანები და მსგავსი ნივთები, ჩვენი შეხედულებისამებრ, შეიძლება მიღებულ იქნეს, როგორც
რეგისტრირებული ბარგი, მაგრამ დაუშვებელია მათი ატანა საჰაერო ხომალდის სალონში.
8.3.4 თქვენს რეგისტრირებულ ბარგში არ შეიძლება მოათავსოთ ფული,
სამკაულები, ძვირფასი ლითონები, კომპიუტერები, პერსონალური ელექტრონული მოწყობილობები,
სასაქონლო ქაღალდები, ფასიანი ქაღალდები, სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტები ან ნიმუშები.
8.3.5 თუ, აკრძალვის მიუხედავად, 8.3.1-ლ, 8.3.2-ე და 8.3.4-ე მუხლებში
მითითებული რომელიმე ნივთი მოხვდება თქვენს ბარგში, ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელი
ასეთი ნივთების დაკარგვაზე ან დაზიანებაზე.
8.4 გადაზიდვაზე უარის თქმის უფლება
8.4.1. 8.3.2-ე და 8.3.3-ე მუხლების გათვალისწინებით, ჩვენ უარს
ვიტყვით ბარგის სახით გადავიტანოთ ის ნივთები, რომლებიც აღწერილია 8.3-ე მუხლში, ასევე,
ჩვენ შეგვიძლია უარი ვთქვათ ნებისმიერი ასეთი ნივთის შემდგომ გადაზიდვაზე მათი აღმოჩენის
შემთხვევაში.
8.4.2 ჩვენ შეგვიძლია უარი ვთქვათ ბარგის სახით ნებისმიერი ნივთის
გადატანაზე, რომელიც ჩვენს მიერ გონივრულად განიხილება გადაზიდვისთვის შეუფერებლად
მისი ზომის, ფორმის, წონის, შიგთავსის, ბუნების გამო, ან უსაფრთხოების ან საოპერაციო
მიზეზების გამო, ან სხვა მგზავრების კომფორტისთვის მიუღებლობის გამო. ინფორმაცია ჩვენთვის
მიუღებელი შეფუთვისა და კონტეინერების შესახებ ხელმისაწვდომია მოთხოვნისთანავე.
8.5 შემოწმების უფლება
უსაფრთხოებისა და დაცვის მიზნით, შესაძლოა, თქვენ მოგთხოვონ სამთავრობო
ორგანოებისთვის თქვენი პირადი ჩხრეკისა და სკანირების, ასევე, თქვენი ბარგის ჩხრეკის,
სკანირების ან რენტგენის სკანირების ნებართვის მიცემა. თუ თქვენ არ იმყოფებით ადგილზე,
თქვენი ბარგი შეიძლება შემოწმდეს თქვენი არყოფნისას იმის დასადგენად, ფლობთ თუ არა,
ან შეიცავს თუ არა თქვენი ბარგი 8.3.1-ლ მუხლში აღწერილ რომელიმე ნივთს ან ცეცხლსასროლ
იარაღს, საბრძოლო მასალას ან იარაღს, რომელიც არ არის წარმოდგენილი ჩვენთვის
8.3.2-ე ან 8.3.3-ე მუხლების შესაბამისად. თუ თქვენ არ გსურთ ასეთი მოთხოვნის შესრულება,
ჩვენ შეგვიძლია უარი ვთქვათ თქვენს და თქვენი ბარგის გადაყვანაზე. იმ შემთხვევაში,
თუ შემოწმება ან სკანირება მოგაყენებთ ზიანს, ან რენტგენი ან სკანირება გამოიწვევს
თქვენი ბარგის დაზიანებას, ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელი ასეთ ზიანზე, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც ეს გამოწვეულია ჩვენი ბრალით ან დაუდევრობით.
8.6 რეგისტრირებული ბარგი
8.6.1 თქვენი ბარგის (რომლის რეგისტრაციაც გსურთ) ჩვენთვის ჩაბარებისას,
ჩვენ ვიღებთ მასზე პასუხისმგებლობას და გავცემთ ბარგის საიდენტიფიკაციო იარლიყს რეგისტრირებული
ბარგის თითოეული ნაწილისთვის.
8.6.2 რეგისტრირებულ ბარგზე მითითებული უნდა იქნეს თქვენი სახელი
ან სხვა პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.
8.6.3 რეგისტრირებული ბარგი, შეძლებისდაგვარად, გადაიზიდება იმავე
საჰაერო ხომალდით, რომლითაც თქვენ მგზავრობთ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უსაფრთხოების,
დაცვის ან საოპერაციო მიზეზების გამო გადავწყვეტთ მის გადაზიდვას ალტერნატიული რეისით.
თუ თქვენი რეგისტრირებული ბარგი გადაიზიდება მომდევნო რეისით, ჩვენ მას მოგაწვდით თქვენ,
გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც მოქმედი კანონმდებლობა მოითხოვს თქვენს დასწრებას განბაჟების
გაფორმებისათვის.
8.7 არარეგისტრირებული ბარგი
8.7.1 ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ საჰაერო ხომალდის სალონში გადასატანი
ბარგის მაქსიმალური ზომები და წონა. თუ ეს ზომები არ იქნება მიღებული, ბარგი უნდა მოთავსდეს
თქვენს წინ მდებარე სავარძლის ქვეშ ან დახურულ სათავსოში. თუ თქვენი ბარგი ვერ განთავსდება
ამგვარად, არის ჭარბი წონის, ან მიჩნეულია სახიფათოდ რაიმე მიზეზის გამო, იგი უნდა
გადაიზიდოს, როგორც შეზღუდული რეგისტრირებული ბარგი.
8.7.2. საგნები, რომლებიც არ არის შესაფერისი სატვირთო განყოფილებაში
გადასატანად, როგორიცაა, მაგალითად, დელიკატური მუსიკალური ინსტრუმენტები, ან საგნები,
რომლებიც არ აკმაყოფილებენ 8.7.1-ლი მუხლის მოთხოვნებს, სალონში გადასაზიდად მიიღება
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ შეგვატყობინეთ აღნიშნულის შესახებ და ჩვენ მოგცემთ
თანხმობას. შესაძლოა, ამ სერვისისთვის ცალკე საფასურის გადახდა დაგჭირდეთ.
8.8 რეგისტრირებული ბარგის ჩაბარება
8.8.1. 8.6.3-ე მუხლის შესაბამისად, თქვენ ვალდებული ხართ აიღოთ
თქვენი რეგისტრირებული ბარგი, როგორც კი ის ხელმისაწვდომი გახდება თქვენი დანიშნულების
ადგილზე ან გაჩერებაზე. თუ თქვენი რეგისტრირებული ბარგი არ იქნება გამოთხოვილი მისი
ხელმისაწვდომობის მომენტიდან სამი (3) თვის განმავლობაში, ჩვენ შეგვიძლია განვკარგოთ
იგი თქვენს მიმართ ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე. თქვენი რეგისტრირებული ბარგის
შენახვა უფასოა.
8.8.2 ჩვენ ჩავაბარებთ რეგისტრირებულ ბარგს ბარგის საიდენტიფიკაციო
იარლიყის მფლობელს, რომელიც გაცემულია გადაყვანის ხელშეკრულების საფუძველზე.
8.8.3 თუ პირი, რომელიც მოითხოვს რეგისტრირებულ ბარგს, ვერ მოახერხებს
თავის წარმოდგენას და ვერ მოახდენს ბარგის იდენტიფიცირებას ბარგის საიდენტიფიკაციო
იარლიყის მეშვეობით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ჩვენ ბარგს ჩავაბარებთ ამგვარ
პირს მხოლოდ იმ პირობით, თუ ის დაგვიმტკიცებს თავის უფლებას ბარგზე.
8.9 ცხოველები
თუ ჩვენ დავთანხმდებით თქვენი ცხოველების გადაყვანას, ამგვარი გადაყვანა
დაექვემდებარება შემდეგ პირობებს:
8.9.1 თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ შინაური ცხოველები, როგორიცაა
ძაღლები და კატები, სათანადოდ არიან მოთავსებულნი გალიებში და თან ახლავთ ჯანმრთელობისა
და ვაქცინაციის მოქმედი სერტიფიკატები, შესვლის ნებართვები და ნებისმიერი სხვა დოკუმენტი,
რომელიც მოითხოვება შესვლის ან ტრანზიტის ქვეყნების მიერ. ამ პირობების შეუსრულებლობის
შემთხვევაში, ცხოველები არ დაიშვება გადასაყვანად. ასეთი გადაყვანა ასევე შეიძლება
დაექვემდებაროს ჩვენ მიერ
განსაზღვრულ დამატებით პირობებს, რომლებიც ხელმისაწვდომია მოთხოვნის
შემთხვევაში.
8.9.2 თანმხლები შინაური ცხოველების წონა, კონტეინერის და გადასატანი
საკვების წონის ჩათვლით, არ უნდა იქნეს შეტანილი მგზავრის ბარგის უფასო ნორმაში და
უნდა დაიბეგროს ჭარბი ბარგისთვის მოქმედი ტარიფით.
8.9.3. გამყოლი/მომსახურე ძაღლები 35 კგ-მდე, მათ კონტეინერებთან
და საკვებთან ერთად, გადაყვანილ იქნებიან უფასოდ, ჩვეულებრივ უფასო ბარგის დასაშვები
ნორმით ჩვენს მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად, რომლებიც ხელმისაწვდომია მოთხოვნის
საფუძველზე. მგზავრის კავშირი მეგზურ ძაღლთან დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო ცნობით.
8.9.4 ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი იმ ცხოველის დაზიანებაზე, დაკარგვაზე,
დაავადებაზე ან სიკვდილზე, რომლის გადაყვანაზეც დავთანხმდით, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც ასეთი ზიანი გამოწვეულია განზრახ ან ჩვენი დაუდევრობით. მგზავრი პასუხისმგებელია
ცხოველის მიერ სხვა პირებისთვის ან ქონებისთვის მიყენებულ ნებისმიერ ზიანზე.
8.9.5 ჩვენ არ გვეკისრება პასუხისმგებლობა იმ ცხოველთან დაკავშირებით, რომელსაც არ გააჩნია ყველა საჭირო გასვლის, შესვლის, ჯანმრთელობისა და სხვა მოთხოვნილი დოკუმენტი ნებისმიერ ქვეყანაში, შტატში ან ტერიტორიაზე შესასვლელად ან ტრანზიტით გასავლელად. პირი, რომელსაც გადაჰყავს ცხოველი, ვალდებულია აანაზღაუროს ნებისმიერი ჯარიმა, ხარჯი, ზარალი ან ვალდებულება, რომელიც გონივრულად დაგვეკისრა ან მოგვადგა ამის შედეგად.
მუხლი 9. განრიგი, დაგვიანება და ფრენების გაუქმება
9.1 განრიგი
9.1.1 განრიგში მითითებული ფრენის დრო შეიძლება შეიცვალოს გამოქვეყნების
თარიღსა და ფაქტობრივი მგზავრობის თარიღს შორის. ჩვენ არ ვიძლევით ასეთი დროის გარანტიას
და იგი არ წარმოადგენენ თქვენი ჩვენთან გაფორმებული ხელშეკრულების ნაწილს.
9.1.2 სანამ თქვენს ჯავშანს მივიღებთ, ჩვენ შეგატყობინებთ იმ დროისთვის
მოქმედი ფრენის დაგეგმილ დროს, რომელიც მითითებული იქნება თქვენს ბილეთზე. შესაძლოა
დაგვჭირდეს ფრენის დაგეგმილი დროის შეცვლა თქვენი ბილეთის გაცემის შემდეგ. თქვენ უნდა
მოგვაწოდოთ საკონტაქტო ინფორმაცია, ხოლო ჩვენ შევეცდებით შეგატყობინოთ ნებისმიერი ასეთი
ცვლილების შესახებ. თუ თქვენი ბილეთის შეძენის შემდეგ ჩვენ განვახორციელებთ ფრენის
დაგეგმილი დროის მნიშვნელოვან ცვლილებას, რომელიც თქვენთვის მიუღებელია, თქვენ გექნებათ
თანხის დაბრუნების (10.2-ე მუხლის შესაბამისად) ან თქვენთვის შესაფერისი თარიღის/მარშრუტის
უფასოდ შეცვლის უფლება.
9.2 გაუქმება, მარშრუტის შეცვლა, დაგვიანება და ა.შ.
9.2.1 ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას დაგვიანების თავიდან ასაცილებლად.
ასეთი ზომების მიღებისას და ფრენის გაუქმების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ შეგვიძლია,
ჩვენს კონტროლს მიღმა არსებულ გამონაკლის შემთხვევებში, დავგეგმოთ ნებისმიერი სხვა
A9 რეისი.
9.2.2 გარდა კონვენციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თუ ჩვენ
გავაუქმებთ ფრენას, ვერ განვახორციელებთ ფრენას გონივრულად განრიგის შესაბამისად, ვერ
გავჩერდებით თქვენი დანიშნულების ადგილზე ან შუალედური გაჩერების ადგილზე, ან გამოტოვებთ
დამაკავშირებელ რეისს, რომელზეც გაქვთ დადასტურებული ჯავშანი, ჩვენ, თქვენი არჩევანით,
ან:
9.2.2.1 გადაგიყვანთ პირველივე შესაძლებლობისთანავე ჩვენს სხვა
გეგმიურ რეისზე, სადაც არის თავისუფალი ადგილი, დამატებითი საფასურის გარეშე და, საჭიროების
შემთხვევაში, გავაგრძელებთ თქვენი ბილეთის მოქმედების ვადას; ან
9.2.2.2 გონივრულ ვადაში შევცვლით თქვენს მარშრუტს თქვენს ბილეთში
მითითებულ დანიშნულების ადგილამდე ჩვენივე სერვისებით, დამატებითი საფასურის გარეშე;
ან
9.2.2.3 განვახორციელებთ თანხის დაბრუნებას 10.2-ე მუხლის შესაბამისად.
9.2.3. 9.2.2-ე მუხლში მითითებული ნებისმიერი შემთხვევის დადგომისას,
ამასთან, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც სხვაგვარად არის გათვალისწინებული კონვენციით,
9.2.2.1-დან 9.2.2.3-მდე მუხლებით განსაზღვრული ვარიანტები წარმოადგენს თქვენს ერთადერთ
და ექსკლუზიურ სამართლებრივი დაცვის საშუალებებს და ჩვენ არ გვეკისრება თქვენს წინაშე
სხვა დამატებითი პასუხისმგებლობა.
9.2.4 თუ ჩვენ ვერ შევძლებთ წინასწარ დადასტურებული ადგილის უზრუნველყოფას,
ჩვენ გავცემთ კომპენსაციას იმ მგზავრებისთვის, რომლებსაც უარი ეთქვათ ჩასხდომაზე, მოქმედი
კანონმდებლობისა და ჩასხდომაზე უარის თქმის კომპენსაციის ჩვენი პოლიტიკის შესაბამისად.
მუხლი 10. თანხის დაბრუნება
10.1 ჩვენ დავაბრუნებთ ბილეთს ან მის ნებისმიერ გამოუყენებელ ნაწილს
მოქმედი ტარიფის წესების ან ტარიფის შესაბამისად, შემდეგნაირად:
10.1.1 გარდა ამ მუხლით სხვაგვარად გათვალისწინებული შემთხვევებისა,
ჩვენ უფლებამოსილნი ვიქნებით დავუბრუნოთ თანხა იმ პირს, რომელმაც გადაიხადა ბილეთის
საფასური, ასეთი გადახდის დამაკმაყოფილებელი მტკიცებულების წარდგენისას.
10.1.2 თუ ბილეთის საფასური გადახდილია სხვა პირის მიერ და არა
ბილეთში მითითებული მგზავრის მიერ, ჩვენ თანხას დავუბრუნებთ მხოლოდ იმ პირს, ვინც გადაიხადა
ბილეთის საფასური.
10.2 იძულებითი დაბრუნება
10.2.1 თუ ჩვენ გავაუქმებთ რეისს, ვერ განვახორციელებთ რეისს გონივრულად
განრიგის შესაბამისად, ვერ შევჩერდებით თქვენი დანიშნულების ადგილზე ან გაჩერებაზე,
ან გავხდებით მიზეზი იმისა, რომ თქვენ გამოტოვოთ დამაკავშირებელი რეისი, რომელზეც გაქვთ
ჯავშანი, დასაბრუნებელი თანხის ოდენობა იქნება:
10.2.1.1 თუ ბილეთის არცერთი კუპონი არ არის გამოყენებული, გადახდილი
მთლიანი თანხა; ან
10.2.1.2 თუ ბილეთის კუპონი გამოყენებულია, თანხა, რომელიც უდრის
სხვაობას გადახდილ ტარიფებს შორის.
10.3 ნებაყოფლობითი დაბრუნება
10.3.1 თუ თქვენ გაქვთ თქვენი ბილეთის დაბრუნების უფლება სხვა მიზეზების
გამო, გარდა 10.2 მუხლში მითითებულისა, დაბრუნების თანხა შეადგენს:
10.3.1.1 თუ ბილეთის არცერთი ნაწილი არ არის გამოყენებული, გადახდილი
ტარიფის ტოლ თანხას, მინუს ნებისმიერი გონივრული მომსახურების საკომისიო ან გაუქმების
საფასური; ან
10.3.1.2 თუ ბილეთის ნაწილი გამოყენებულია, სხვაობას გადახდილ ტარიფსა
და გამოყენებული ტრანსპორტირებისთვის მოქმედ ტარიფს შორის, მინუს ნებისმიერი გონივრული
მომსახურების საკომისიო ან გაუქმების საფასური.
10.4 დაკარგული ქაღალდის/მატერიალური ბილეთის თანხის დაბრუნება
10.4.1 დაკარგული ბილეთი არ ექვემდებარება დაბრუნებას.
10.4.2 თუ ჩვენ ან ჩვენმა ავტორიზებულმა აგენტმა დავკარგეთ ქაღალდის/მატერიალური
ბილეთი, ასეთი დანაკარგი იქნება ჩვენი პასუხისმგებლობა.
10.5 დაბრუნებაზე უარის თქმის უფლება
10.5.1 ჩვენ შეგვიძლია უარი ვთქვათ თანხის დაბრუნებაზე, თუ განაცხადი
გაკეთებულია ბილეთის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ.
10.5.2 ჩვენ შეგვიძლია უარი ვთქვათ თანხის დაბრუნებაზე იმ ბილეთისთვის,
რომელიც წარდგენილია ჩვენს ან მთავრობის წარმომადგენლების წინაშე, როგორც ქვეყნიდან
გამგზავრების განზრახვის მტკიცებულება.
10.6 ვალუტა
თანხის ყველა დაბრუნება ექვემდებარება იმ ქვეყნის კანონებს, წესებს,
რეგულაციებსა და განკარგულებებს, სადაც თავდაპირველად იქნა შეძენილი ბილეთი და, ასევე,
იმ ქვეყნისას, სადაც ხდება თანხის დაბრუნება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თანხის
დაბრუნება განხორციელდება იმ ვალუტაში, რომელშიც გადახდილი იყო ფასი.
10.7 ვის მიერ ხდება ბილეთი დაბრუნება
ნებაყოფლობითი თანხის დაბრუნება განხორციელდება მხოლოდ იმ გადამზიდველის
მიერ, რომელმაც თავდაპირველად გასცა ბილეთი, ან მისი აგენტის მიერ, თუ მას აქვს შესაბამისი
უფლებამოსილება.
მუხლი 11. ქცევა საჰაერო ხომალდის ბორტზე
11.1 ზოგადი
თუ, ჩვენი გონივრული აზრით, თქვენ საჰაერო ხომალდის ბორტზე იქცევით
ისე, რომ საფრთხეს უქმნით საჰაერო ხომალდს ან ბორტზე მყოფ ნებისმიერ პირს ან ქონებას,
ხელს უშლით ეკიპაჟს მოვალეობის შესრულებაში, არ ასრულებთ ეკიპაჟის მითითებას, მათ შორის
(და არა მხოლოდ), მოწევასთან, ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებულ
მითითებებს, ან იქცევით ისე, რომ ეს ქცევა იწვევს დისკომფორტს, უხერხულობას, ზიანს
ან ტრავმას სხვა მგზავრებისთვის ან ეკიპაჟისთვის, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ისეთი ზომები,
რომლებსაც გონივრულად მივიჩნევთ საჭიროდ ასეთი ქმედების აღსაკვეთად, მათ შორის, მივმართოთ
იძულებით შეკავებას. თქვენ შეიძლება ჩამოგსვან საჰაერო ხომალდიდან და უარი გეთქვათ
შემდგომ გადაყვანაზე ნებისმიერ წერტილში, თქვენს მიმართ შეიძლება დაიწყოს სისხლისსამართლებრივი
დევნა საჰაერო ხომალდის ბორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის.
11.2 ელექტრონული მოწყობილობები
უსაფრთხოების მიზნით, ჩვენ შეიძლება ავკრძალოთ ან შევზღუდოთ საჰაერო
ხომალდის ბორტზე ელექტრონული აღჭურვილობის გამოყენება, მათ შორის (და არა მხოლოდ),
მობილური ტელეფონების, ლეპტოპების, პორტატული რადიოების, CD ფლეერების, ელექტრონული
თამაშების ან გადამცემი მოწყობილობების, მათ შორის, რადიო-მართვადი სათამაშოების და
რაციების გამოყენება. სმენის აპარატებისა და გულის კარდიო-სტიმულატორების გამოყენება
ნებადართულია.
11.3 არამწეველთა რეისები
"ჯორჯიან ეარვეისის" ყველა რეისი არის არამწეველთათვის.
აკრძალულია ნებისმიერი ტიპის სიგარეტის მოწევა საჰაერო ხომალდის ყველა ზონაში.
11.4 უსაფრთხოების ღვედები
საჰაერო ხომალდის ბორტზე ყოფნისას, თქვენ ვალდებული ხართ შეკრული
გქონდეთ უსაფრთხოების ღვედი მთელი ფრენის განმავლობაში, როდესაც ამის შესახებ მიიღებთ
მითითებას, ან სხვაგვარად, როგორც ამას მოითხოვს უსაფრთხოების წესები.
მუხლი 12. დამატებითი მომსახურების ორგანიზება
12.1 დაგვიანების შემთხვევაში, თუ ჩვენ თქვენთვის მესამე მხარესთან
შევთანხმდებით საჰაერო გადაზიდვის გარდა სხვა მომსახურების მიწოდებაზე, ან თუ ჩვენ
გავცემთ
ბილეთს ან ვაუჩერს ტრანსპორტირებასთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით,
გარდა საჰაერო გადაყვანისა, რომელსაც უზრუნველყოფს მესამე მხარე, ჩვენ აღნიშნულს შევასრულებთ,
მხოლოდ როგორც თქვენი აგენტი. ამ დროს გამოყენებულ იქნება მესამე მხარის მომსახურების
მიმწოდებლის წესები და პირობები.
12.2 თუ ჩვენ ასევე გთავაზობთ სახმელეთო ტრანსპორტირებას, ასეთ
ტრანსპორტირებაზე შეიძლება გავრცელდეს ცალკეული პირობები. აღნიშნული პირობები ხელმისაწვდომია
მოთხოვნის საფუძველზე.
მუხლი 13. ადმინისტრაციული ფორმალობები
13.1 ზოგადი
13.1.1 თქვენ პასუხისმგებელი ხართ ყველა საჭირო სამგზავრო დოკუმენტისა
და ვიზის მიღებაზე და ყველა იმ ქვეყნის კანონების, რეგულაციების, ბრძანებების, მოთხოვნებისა
და სამგზავრო მოთხოვნების დაცვაზე, საიდანაც, სადაც ან რომლის გავლითაც მოგზაურობთ
ან ახორციელებთ ტრანზიტს.
13.1.2 ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელი მგზავრის წინაშე იმ შედეგებზე,
რომლებიც გამოწვეულია მათ მიერ ასეთი დოკუმენტების ან ვიზების მიღების მოთხოვნების
შეუსრულებლობით ან ასეთი კანონების, რეგულაციების, ბრძანებების, მოთხოვნების, წესების
ან ინსტრუქციების შეუსრულებლობით.
13.2 სამგზავრო დოკუმენტები
მგზავრობამდე თქვენ უნდა წარადგინოთ გასვლის, შესვლის, ჯანმრთელობისა
და სხვა ყველა დოკუმენტი, რომლებიც მოითხოვება შესაბამისი ქვეყნების მოქმედი კანონმდებლობით,
რეგულაციით, განკარგულებით, მოთხოვნით ან სხვა მოთხოვნებით, და მოგვცეთ მათი ასლების
გადაღებისა და შენახვის ნებართვა. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ გადაყვანაზე,
თუ თქვენ არ დაიცავთ ამ მოთხოვნებს ან თუ თქვენი სამგზავრო დოკუმენტები არ იქნება წესრიგში.
13.3 შესვლაზე უარის თქმა
თუ თქვენ უარს გეტყვიან რომელიმე ქვეყანაში შესვლაზე, თქვენ იქნებით
პასუხისმგებელი ნებისმიერი ჯარიმის ან გადასახადის გადახდაზე, რომელიც დაგვეკისრება
შესაბამისი მთავრობის მიერ, ისევე როგორც ამ ქვეყნიდან თქვენი ტრანსპორტირების ხარჯებზე.
ჩვენ შეგვიძლია ასეთი გადახდისთვის გამოვიყენოთ გამოუყენებელი გადაზიდვისთვის ჩვენთვის
გადახდილი ნებისმიერი თანხა, ან მგზავრის ნებისმიერი თანხა, რომელიც ჩვენს მფლობელობაშია.
შესვლაზე უარის თქმის ან დეპორტაციის პუნქტამდე გადაყვანისთვის აღებული საფასური არ
დაგიბრუნდებათ.
13.4 მგზავრის პასუხისმგებლობა ჯარიმებზე და ა.შ.
თუ ჩვენ მოგვეთხოვება რაიმე ჯარიმის ან საურავის გადახდა, ან რაიმე
ხარჯის გაწევა თქვენ მიერ შესაბამისი ქვეყნების კანონების, რეგულაციების, ბრძანებების,
მოთხოვნების ან მოგზაურობის სხვა მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო,
ან თქვენ მიერ საჭირო დოკუმენტების წარუდგენლობის გამო, თქვენ მოთხოვნისთანავე უნდა
აგვინაზღაუროთ ნებისმიერი ასეთი გადახდილი თანხა ან გაწეული ხარჯი. ჩვენ შეგვიძლია
ასეთი გადახდისთვის ან ხარჯისთვის გამოვიყენოთ თქვენს ბილეთში არსებული ნებისმიერი
გამოუყენებელი გადაზიდვის ღირებულება, ან ჩვენს მფლობელობაში არსებული თქვენი ნებისმიერი
თანხა. ჯარიმის ან საურავის ოდენობა შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნების მიხედვით და
შეიძლება აღემატებოდეს თქვენი ბილეთისთვის გადახდილ საფასურს. თქვენივე ინტერესებიდან
გამომდინარე, თქვენ უნდა დაიცვათ იმ თითოეული ქვეყნის შესვლის მოთხოვნები, სადაც აპირებთ
გამგზავრებას.
13.5 საბაჟო შემოწმება
მოთხოვნის შემთხვევაში, თქვენ უნდა დაესწროთ თქვენი ბარგის შემოწმებას
საბაჟო ან სხვა სამთავრობო მოხელეების მიერ. ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელი თქვენს
წინაშე ნებისმიერ დანაკარგზე ან ზიანზე, რომელიც წარმოიშვა ასეთი შემოწმების პროცესში
ან თქვენს მიერ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო.
13.6 უსაფრთხოების შემოწმება
თქვენ ვალდებული ხართ გაიაროთ ნებისმიერი უსაფრთხოების შემოწმება,
რომელიც ხორციელდება სამთავრობო და აეროპორტის წარმომადგენლების მიერ.
13.7 მგზავრთა მონაცემების გადაცემა
ჩვენ უფლებამოსილი ვართ გადავცეთ თქვენი პერსონალური
მონაცემები და დაჯავშნის ყველა პერსონალური მონაცემი თქვენს ფრენასთან დაკავშირებით
შიდა და უცხოურ ორგანოებს (მათ შორის აშშ-ს და კანადას), თუ ასეთი ორგანოები ჩვენგან
ამას მოითხოვენ სავალდებულო სამართლებრივი ან მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად
- გადაყვანის ხელშეკრულების შესრულების მიზნით.
მუხლი 14. თანმიმდევრული გადამზიდველები
გადაყვანა, რომელიც უნდა შესრულდეს ჩვენ მიერ და სხვა გადამზიდველების
მიერ ერთი ბილეთით, ან კომბინირებული ბილეთით, განიხილება, როგორც ერთიანი ოპერაცია
კონვენციის მიზნებისთვის. ამასთან, ყურადღება მახვილდება 15.3.2-ე მუხლზე.
მუხლი 15. პასუხისმგებლობა ზიანისთვის
15.1 პრინციპები
ჯორჯიან ეარვეისის და თქვენს მოგზაურობაში ჩართული თითოეული გადამზიდველის
პასუხისმგებლობა განისაზღვრება მისივე გადაყვანის პირობებით. ჩვენი პასუხისმგებლობის
დებულებები შემდეგია:
15.2 მოქმედი წესები
კონვენცია, იქნება ეს ვარშავის კონვენცია თუ აღნიშნული კონვენცია
ჰააგაში შეტანილი ცვლილებებით, წარმოადგენს მოქმედ კანონს, რომელიც არეგულირებს ჯორჯიან
ეარვეისის პასუხისმგებლობას ზიანისთვის.
15.3 ზოგადი რეგულაციები
15.3.1 ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ჩვენი ნებისმიერი
პასუხისმგებლობა შემცირდება თქვენი მხრიდან ნებისმიერი დაუდევრობით, რომელიც იწვევს
ან ხელს უწყობს ზიანის წარმოქმნას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
15.3.2 ჩვენ პასუხისმგებელნი ვიქნებით მხოლოდ იმ ზიანზე, რომელიც
წარმოიქმნება გადაყვანისას იმ ფრენებზე ან ფრენის სეგმენტებზე, სადაც ჩვენი ავიაკომპანიის
აღმნიშვნელი კოდი მითითებულია ბილეთის „ფრენის/გადამზიდავის“ ველში აღნიშნული ფრენისთვის
ან ფრენის სეგმენტისთვის. თუ ჩვენ გავცემთ ბილეთს ან ვაფორმებთ ბარგს სხვა გადამზიდველის
რეისზე გადასაყვანად, ჩვენ აღნიშნულს განვახორციელებთ, მხოლოდ როგორც აღნიშნული სხვა
გადამზიდველის აგენტი.
15.3.3 ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელნი ნებისმიერ ზიანზე, რომელიც
პირდაპირ ან ირიბად გამომდინარეობს ჩვენ მიერ მოქმედი კანონების, სამთავრობო წესებისა
და რეგულაციების დაცვიდან, ან თქვენ მიერ მათი შეუსრულებლობიდან.
15.3.4 ჩვენი პასუხისმგებლობა ყველა შემთხვევაში შემოიფარგლება
დადასტურებული ზიანის ოდენობით. ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელნი ირიბ ან თანმდევ
ზიანზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამას სხვაგვარად მოითხოვს კონვენცია.
15.3.5 გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც წინამდებარე პირობებში
სპეციალურად სხვაგვარად არის გათვალისწინებული, ჩვენ პასუხისმგებელნი ვიქნებით მხოლოდ
ანაზღაურებად ზიანზე დადასტურებული დანაკარგებისა და ხარჯებისათვის კონვენციის შესაბამისად.
15.3.6 გადაყვანის ხელშეკრულება, მათ შორის, გადაყვანის წინამდებარე
პირობები და პასუხისმგებლობის ნებისმიერი გამონაკლისი ან შეზღუდვა, ვრცელდება ჩვენს
უფლებამოსილ აგენტებზე, მოსამსახურეებზე, თანამშრომლებსა და წარმომადგენლებზე იმავე
ზომით, რა ზომითაც ის ვრცელდება ჩვენზე. ჩვენგან და ასეთი პირებისგან ასანაზღაურებელი
მთლიანი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ჩვენი საკუთარი პასუხისმგებლობის ოდენობას, ასეთის
არსებობის შემთხვევაში.
15.3.7 გადაყვანის წინამდებარე პირობებში არაფერი მოიაზრებს უარის
თქმას ჩვენი პასუხისმგებლობის ნებისმიერ გამონაკლისზე ან შეზღუდვაზე კონვენციის ან
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
15.4 პასუხისმგებლობა პირადი დაზიანებისათვის
15.4.1 ჩვენ პასუხისმგებელნი ვიქნებით მგზავრის გარდაცვალების,
დაჭრის ან სხეულის დაზიანებისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემთხვევა, რომელმაც
გამოიწვია ასეთი გარდაცვალება, დაჭრა ან სხეულის დაზიანება, მოხდა საჰაერო ხომალდის
ბორტზე ან ჩასხდომის ან გადმოსხდომის ოპერაციების პროცესში.
15.4.2 ჩვენ ვიტოვებთ უფლებას წარვადგინოთ კონვენციით გათვალისწინებული
ყველა სამართლებრივი დაცვის საშუალება ნებისმიერ სარჩელთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე
ვიტოვებთ რეგრესის უფლებას ნებისმიერი მესამე პირის მიმართ, მათ შორის, კომპენსაციის
ან ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
15.4.3 ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელნი ნებისმიერ დაავადებაზე,
დაზიანებაზე, ინვალიდობაზე ან დაღუპვაზე, რომელიც გამოწვეულია თქვენი ფიზიკური მდგომარეობით
ან ამ მდგომარეობის გაუარესებით.
15.5 პასუხისმგებლობა ბარგის დაზიანებაზე
15.5.1 ჩვენ პასუხისმგებელნი ვიქნებით რეგისტრირებული ბარგის განადგურებაზე,
დაკარგვაზე ან დაზიანებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემთხვევა, რომელმაც გამოიწვია
ასეთი განადგურება, დაკარგვა ან დაზიანება, მოხდა საჰაერო ხომალდის ბორტზე ან ნებისმიერ
პერიოდში, როდესაც რეგისტრირებული ბარგი იმყოფებოდა ჯორჯიან ეარვეისის პასუხისმგებლობის
ქვეშ.
15.5.2 ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელნი დაურეგისტრირებელი ბარგის
დაზიანებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დაზიანება გამოწვეულია ჩვენი გაუფრთხილებლობით.
თუ ადგილი ჰქონდა მგზავრის მხრიდან თანაბარ გაუფრთხილებლობას, გადამზიდველის პასუხისმგებლობა
განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
15.5.3 ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელნი ზიანზე, რომელიც წარმოიშობა
კანონის, სამთავრობო რეგულაციის, ბრძანების ან მოთხოვნის შესრულების შედეგად, ან მგზავრის
მიერ მათი შეუსრულებლობის გამო.
15.5.4 ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელნი დაგვიანებით გამოწვეულ
ზიანზე, თუ ჩვენ, ჩვენმა მოსამსახურეებმა ან აგენტებმა მივიღეთ ყველა ზომა, რომელიც
გონივრულად შეიძლებოდა ყოფილიყო საჭირო ზიანის თავიდან ასაცილებლად, ან თუ ჩვენთვის
ან მათთვის შეუძლებელი იყო ასეთი ზომების მიღება.
15.5.5 ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი გადაზიდვიდან ამოღებული ნივთების,
შეზღუდული გამოშვების ეტიკეტით მიღებული ნებისმიერი ბარგის ან პირობითი გადაზიდვის
ნივთების დაზიანებაზე, დაკარგვაზე, განადგურებაზე ან დაგვიანებაზე, თუ ასეთი გადაზიდვის
შესახებ არ გვეცნობა დაჯავშნისას ან არ იქნა მიღებული ჩვენ მიერ გადასაზიდად.
15.5.6 ჩვენ გამოვრიცხავთ პასუხისმგებლობას თქვენი ბარგის გარეგნულ
მცირე დაზიანებაზე, როგორიცაა ნაკაწრები, ჭუჭყი, ლაქები ან ჩაღრმავებები, რომლებიც
გამოწვეულია ნორმალური ცვეთით.
15.5.7 ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელნი მგზავრის ბარგის დაზიანებაზე,
რომელიც გამოწვეულია ამ ბარგის შიგთავსით. თქვენ პასუხისმგებელი იქნებით ნებისმიერ
ასეთ დაზიანებაზე, რომელიც მიადგება სხვა პირს ან სხვა პირის ქონებას, მათ შორის, ჩვენს
ქონებას.
15.5.8 ჩვენი პასუხისმგებლობა რეგისტრირებულ ბარგზე შემოიფარგლება
20 აშშ დოლარით კილოგრამზე. მაქსიმალური პასუხისმგებლობა განისაზღვრება თქვენი რეგისტრირებული
ბარგის წონით. თუ წონა აჭარბებს უფასო ბარგის ნორმას, თქვენ გექნებათ 23 კილოგრამზე
მეტი კომპენსაციის მიღების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაიხადეთ ბარგის ზედმეტი
წონის საფასური. თუ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია თქვენი ბარგის წონის შესახებ, ჩავთვლით,
რომ იგი არ აღემატებოდა უფასო ბარგის ნორმას. ქურდობის შემთხვევაში, ანაზღაურება დაითვლება
თქვენი ბარგის დაკარგული წონის მიხედვით. თუ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია ნაკლული წონის
შესახებ, გაანგარიშება უნდა დაეყრდნოს ნაკლულ ერთეულებს IATA წონის ცხრილის გამოყენებით.
15.5.9 ჩვენი მაქსიმალური პასუხისმგებლობა დაურეგისტრირებელ ბარგზე
შეადგენს 100 აშშ დოლარს. ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელნი დაურეგისტრირებელი ბარგის
დაზიანებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დაზიანება გამოწვეულია ჩვენი ბრალით.
15.5.10 ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელნი მსხვრევადი ან მალფუჭებადი
ნივთების, ფულის, საიუველირო ნაკეთობების, ძვირფასი ლითონების, ვერცხლის ნაკეთობების,
სასაქონლო ქაღალდების, ფასიანი ქაღალდების, სხვა ფასეულობების, საქმიანი დოკუმენტების,
პასპორტების, სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ან ნიმუშების დაზიანებაზე, რომლებიც
მოთავსებულია თქვენს რეგისტრირებულ ბარგში.
მუხლი 16. პრეტენზიებისა და სარჩელების წარდგენის ხანდაზმულობის
ვადა
16.1
16.1.1 ბარგის მიღება საჩივრის გარეშე ტრანზიტული ზონის დატოვებამდე
და ქონების შეუსაბამობის აქტის (PIR) შევსების გარეშე წარმოადგენს prima facie მტკიცებულებას
იმისა, რომ ბარგი ჩაბარდა ჯეროვან მდგომარეობაში და გადაყვანის ხელშეკრულების შესაბამისად.
16.1.2 თუ თქვენი რეგისტრირებული ბარგი არ ჩამოვა იმავე რეისით,
რომლითაც თქვენ, დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოთ ამის შესახებ ჩამოსვლისთანავე, სატრანზიტო
ზონის დატოვებამდე, და შეავსოთ PIR. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელნი
თქვენი ბარგის განადგურებაზე, დაკარგვაზე, დაგვიანებაზე ან დაზიანებაზე.
16.1.3 თუ თქვენი რეგისტრირებული ბარგი დაზიანებულია ან გაქურდულია,
ჩამოსვლისთანავე, სატრანზიტო ზონის დატოვებამდე, დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოთ ამის
შესახებ და შეავსოთ PIR. თუ დაზიანების ან ქურდობის აღმოჩენა
გონივრულად შეუძლებელი იყო ჩამოსვლისთანავე, ამის შესახებ უნდა
განაცხადოთ აეროპორტში ჩამოსვლიდან შვიდი (7) დღის განმავლობაში.
16.1.4 თუ თქვენი რეგისტრირებული ბარგი არ ჩამოვა იმ რეისით, რომლითაც
თქვენ მგზავრობდით და მოგვიანებით მიიღებთ მას დაზიანებულს ან გაქურდულ მდგომარეობაში,
თქვენ უნდა წარადგინოთ წერილობითი ანგარიში დაზიანების ან ქურდობის შესახებ ბარგის
თქვენს განკარგულებაში გადაცემიდან თოთხმეტი (14) დღის განმავლობაში. თუ ჩვენ ვაღიარებთ
თქვენი რეგისტრირებული ბარგის დაკარგვას, ან თუ თქვენი რეგისტრირებული ბარგი არ ჩამოვიდა
იმ თარიღიდან ოთხმოცდაათი (90) დღის განმავლობაში, როდესაც ის უნდა ჩამოსულიყო, თქვენ
უფლება გაქვთ გამოიყენოთ გადაყვანის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თქვენი უფლებები.
16.1.5 თუ ჩვენს მიერ საჰაერო გადაზიდვისას თქვენს ბარგს რაიმე
ზიანი მიადგება, თქვენ უნდა უზრუნველყოთ ბარგის შეკეთება, აიღოთ შესაბამისი ქვითრები
და გამოგვიგზავნოთ ისინი. თუ ბარგი დაზიანებულია ისე, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია,
თქვენ უნდა მიიღოთ წერილობითი დადასტურება შემკეთებლისგან, ბარგის ბრენდის, ტიპისა
და ღირებულების მითითებით.
16.1.6 თუ რაიმე ზიანი მიადგება თქვენს დაურეგისტრირებელ ბარგს,
ამის შესახებ უნდა განაცხადოთ საჰაერო ხომალდის ბორტზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ
არ ვიქნებით პასუხისმგებელნი ასეთ ზიანზე.
16.1.7 ყოველი პრეტენზია წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით.
16.1.8 ყველა პრეტენზია უნდა გამოგვეგზავნოს PIR-თან და თქვენი
ზარალის დამადასტურებელ ყველა დამხმარე დოკუმენტთან ერთად დანიშნულების ადგილზე ჩასვლიდან
ერთი (1) თვის განმავლობაში.
16.1.9 თუ პრეტენზია არ იქნება წარდგენილი ზემოაღნიშნულ ვადაში,
ჩვენს წინააღმდეგ არანაირი სარჩელი არ აღიძვრება.
16.2 საჩივრები
16.2.1 საჰაერო გადაყვანასთან დაკავშირებული საჩივრები, გარდა ბარგთან
დაკავშირებული პრეტენზიებისა, წერილობითი ფორმით უნდა იქნეს წარდგენილი შესაბამისი
რეისის ჩამოფრენის შემდეგ შესაძლო უმოკლეს ვადაში, - ნებისმიერ შემთხვევაში - არაუგვიანეს
ერთი (1) თვისა საჩივრის გამომწვევი გარემოებების გაცნობიდან. თქვენ პასუხისმგებელი
იქნებით ნებისმიერ დანაკარგზე ან ზიანზე, რომელიც გამოწვეულია საჩივრის წარდგენის დაგვიანებით.
ჯორჯიან ეარვეისი შეაფასებს საჩივარს ხელშეკრულების დადების თარიღისთვის მოქმედი გადაყვანის
ზოგადი პირობების შესაბამისად.
16.3 სარჩელის ხანდაზმულობა
ზიანის ანაზღაურების ნებისმიერი უფლება გაუქმდება, თუ სარჩელი არ
იქნება აღძრული დანიშნულების ადგილზე ჩაფრენის თარიღიდან, იმ თარიღიდან, როდესაც
საჰაერო ხომალდი უნდა ჩაფრენილიყო, ან გადაყვანის შეწყვეტის
თარიღიდან ორი (2) წლის განმავლობაში
მუხლი 17. სხვა პირობები
თქვენი გადაყვანა და თქვენი ბარგის გადაზიდვა ასევე ექვემდებარება
სხვა გარკვეულ რეგულაციებსა და პირობებს, რომლებიც გამოიყენება ან მიღებულია ჩვენ მიერ.
აღნიშნული რეგულაციები და პირობები, მათში პერიოდულად შეტანილი ცვლილებებით, მნიშვნელოვანია
და - სხვა საკითხებთან ერთად - ეხება თანმხლები პირის გარეშე მყოფი არასრულწლოვნების,
ორსული ქალების, ავადმყოფი მგზავრების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მგზავრების
გადაყვანას, ელექტრონული მოწყობილობებისა და სხვა ნივთების გამოყენების შეზღუდვებს,
ბორტზე ალკოჰოლური სასმელების მოხმარებას, ბარგში აკრძალულ ნივთებს და ბარგის ზომის,
ზომებისა და წონის შეზღუდვებს.
აღნიშნული რეგულაციები და პირობები ხელმისაწვდომია მოთხოვნის საფუძველზე.
მუხლი 18. ცვლილება და უარი
ჯორჯიან ეარვეისის არცერთ აგენტს, მოსამსახურეს ან წარმომადგენელს
არ აქვს უფლებამოსილება შეცვალოს, მოდიფიცირება გაუკეთოს ან უარი თქვას გადაყვანის
წინამდებარე პირობების რომელიმე დებულებაზე.
მუხლი 19. ინტერპრეტაცია
თითოეული მუხლის სათაური მოცემულია მხოლოდ მოხერხებულობისთვის და
არ გამოიყენება ტექსტის ინტერპრეტაციისთვის.
მუხლი 20. იურისდიქცია
თუ გადაყვანის წინამდებარე პირობებით, კონვენციით ან ნებისმიერი
სხვა მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ნებისმიერი დავა,
რომელიც გამომდინარეობს ან დაკავშირებულია მგზავრსა და გადამზიდველს შორის დადებულ
გადაყვანის ხელშეკრულებასთან, ექვემდებარება თბილისის (საქართველო) სასამართლოების
ექსკლუზიურ იურისდიქციას, ნებისმიერი სხვა სასამართლოს გამორიცხვით.